ბრეკეტები

რა არის ორთოდონტია?

ორთოდონტია მოიცავს  ყბასახისა და კბილთა სისტემის ანომალიების შესწავლას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. პროფესიონალი ორთოდონტის მიერ ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გეგმის შედგენა, რის შედეგადაც უმჯობესდება არსებული ანომალიები.

როგორ ხდება ორთოდონტული მკურნალობა?

ორთოდონტური მკურნალობის დროს გამოიყენება ორთოდონტული აპარატები /კონსტრუქციები: ფირფიტები, კაპები, ბრეკეტები, ექსპანდერები და მინი იმპლანტები.

რა არის ბრეკეტები და რისთვის გამოიყენება?

ბრეკეტები წარმოადგენს ორთოდონტულ კონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც აღმოიფხვრება ყბებისა და თანკბილვის არასწორი განვითარება.

როგორ უნდა მიხვდე რომ გესაჭიროება ბრეკეტები?

არსებობს რამოდენიმე მიზეზი, როდესაც ბრეკეტებით მკურნალობა აუცილებელია:

  • არასწორი, სხვადასხვა მხარეს გადახრილი კბილები
  • ერთმანეთზე გადადებული კბილები
  • ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული კბილები
  • არაბუნებრივად გამოწეული ზედა ან ქვედა ყბა
  • სუნთქვის ან ღეჭვის პრობლემები
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია(ტკივილი, დაჭიმულობა, ტკაცუნი)
  • ქვედა ყბის მარჯვნივ ან მარცხნივ გადანაცვლება, ასიმეტრია

რომელ ასაკშია რეკომენდირებული ბრეკეტების გაკეთება?

ბრეკეტების გაკეთება რეკომენდირებულია ბავშვის ადრეული ასაკიდან, 9-10 წლიდან ზევით, როდესაც ჯერ კიდევ ფორმირდება ყბა-სახისა და თანკბილვის პროცესი, თუმცა ზრდასრულ ასაკშიც ტარდება ბრეკეტებით მკურნალობა. რაც უფრო ადრეული ასაკიდან აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემები, მით უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი გექნებათ.

რა სახის ბრეკეტები არსებობს?

სტომატოლოგიის მუდმივი განვითარების შედეგად, არსებობს ბრეკეტ-სისტემების მრავალფეროვანი არჩევანი. თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციები. სწორედ მოუხსნელ კონსტრუქციებს მიეკუთვნება მეტალის, კერამიკის, თვითლიგირებადი ან ლინგვალური ბრეკეტები. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლებით და ფუნქციებით განსხვავდება.

მეტალის ბრეკეტები – კლასიკა ბრეკეტებში. არის ყველაზე მოთხოვნადი და ხელმისაწყდომი. მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), ახასიათებს საუკეთესო ფიქსაცია და აქვს სწრაფი და რაც მთავარია ეფექტური შედეგი. მკურნალობის გასახალისებლად, შესაძლებელია ბრეკეტებზე დასამაგრებელი რეზინების (ლიგატურების) ფერის შეცვლა პაციენტის სურვილისამებრ.

კერამიკის ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად) და მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით არის ნაკლებად შესამჩნევი. კერამიკა იმეორებს კბილის ფერს და შესაბამისად უფრო ესთეტიურია. 

საფირის ბრეკეტები – საფირის ბრეკეტები წარმოადგენს სპეციალურად დამუშავებულ, სინთეტიკურ საფირისგან დამზდებულ ბრეკეტ სისტემას, რომელიც კერამიკის ბრეკეტების მსგავსად, მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად).  საფირის ბრეკეტ სისტემა მსგავსს სისტემებთან შედარებით ყველაზე გამჭვირვალეა (ნაკლებად შესამჩნევი) და შესაბამისად ყველაზე ესთეტიურია.  არ აზიანებს კბილის ზედაპირს და სხვა სისტემებისგან განსხვავებით ნაკლებად იცვლის ფერს ფერადი საკვების/სასმელი (ფერს ჩაი, ყავა, სიგარეტი, ღვინო) მიღების შემთხვევაში.  გარდა ამისა, სპეციალურად დამუშავებული  მასალის წყალობით, საფირის ბრეკეტები ანტიალერგიულობით გამოირჩევა.  

თვითლიგირებადი ბრეკეტები – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად). მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით, რეზინების (ლიგატურების) მაგივრად  აქვს სპეციალური ჩამკეტები, რომლებიც უფრო სწრაფად ახდენენ კბილების მიმართულების შეცვლას.

ლინგვალური ბრეკეტები  – კბილის შიდა ზედაპირზე კეთდება და შესაბამისად უხილავია. ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა ყველა ანომალიის დროს არ არის შესაძლებელი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევებზე და გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. 

აფუჭებს თუ არა ბრეკეტები კბილებს?

პროფესიონალი ორთოდონტის მიერ სწორად შემუშავებული მკურნალობის გეგმა ბრეკეტ-სისტემით არ აფუჭებს კბილებს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია პაციენტის მიერ ჰიგიენის ყველა ეტაპის სწორად დაცვა.

რამდენ ხანში ასწორებს ბრეკეტები კბილებს?

ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ანომალიის სირთულეზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 წლამდეა.

შეუძლია თუ არა ყველა მსურველს ბრეკეტებით მკურნალობა?

შესაძლებელია თუ არა ბრეკეტებით მკურნალობის დაწყება განსაზღვრავს მხოლოდ ორთოდონტი, მას შემდეგ რაც მოხდება პირის ღრუს დეტალური დათვალიერება და დიაგნოსტიკის ჩატარება.